უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

ახალი ამბები

ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2017-2018 წლების სეზონი!

2018.03.20

თეატრალური ხელოვნების განვითარების, სტიმულირებისა და პოპულარიზაციის მიზნით საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი“ კომპანია „რედიქსის“ ხელშეწყობით განაგრძობს პრემია „დურუჯის“ გაცემას.

დურუჯი 2017-2018 გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

· საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი პრემიის ოდენობა შეადგენს 12.000 (თორმეტი ათასი) ლარს;

· საუკეთესო მსახიობი ქალი პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 (ორი ათასი) ლარს;

· საუკეთესო მსახიობი მამაკაცი პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 (ორი ათასი) ლარს;

· საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 (ორი ათასი) ლარს;

· საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარი) პრემიის ოდენობა შეადგენს 2.000 (ორი ათასი) ლარს;

· გარდა ამისა, ჟიური გამოავლენს საუკეთესო სარეჟისორო დებიუტს. გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრემია 10.000 (ათი ათასი) ლარ ოდენობით. აღნიშნული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს მომავალ, 2018-2019 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

გამარჯვებულებს აგრეთვე გადაეცემათ სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრები. პრემია „დურუჯი“ გაიცემა წელიწადში ერთხელ.

პრემიაზე წარდგენის პირობები:

· კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ სპექტაკლის წარდგენა;

· სპექტაკლის წარდგენა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო თეატრს, თეატრალური სფეროს პროფესიონალთა ჯგუფს;

· პრემიაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე დადგმული, თეატრალური ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის სპექტაკლი – დრამა, ოპერა, მუსიკალური სპექტაკლი (მიუზიკლი), თოჯინები, პანტომიმა და სხვა;

· პრემიის ნომინანტები – რეჟისორი, დრამატურგი, სცენოგრაფი (მხატვარი), მსახიობები (ქალისა და მამაკაცის როლის შემსრულებლები) აირჩევიან წარდგენილი სპექტაკლებიდან;

· პრემიის ნომინანტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერი რეჟისორი, დრამატურგი, სცენოგრაფი (მხატვარი), მსახიობი (ქალისა და მამაკაცის როლის შემსრულებელი), რომელმაც მონაწილეობა მიიღო პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლის დადგმასა და განხორციელებაში;

· საუკეთესო დრამატურგის ნომინაციაზე შეიძლება განიხილოს მხოლოდ 1990 წლის შემდეგ შექმნილი ქართული პიესის ავტორი;

· პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლის პრემიერა აუცილებლად უნდა იყოს შემდგარი 2017-2018 წლების თეატრალური სეზონის განმავლობაში (ვადები: 2017 წლის 5 აპრილიდან 2018 წლის 5 აპრილამდე);

· პრემიაზე სპექტაკლის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 28 აპრილი, 18:00 საათი;

 · იმ შემთხვევაში, თუ წარმდგენი ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 28 აპრილის 18:00 საათამდე სრულად არ იქნება წარმოდგენილი რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი, პრეტენდენტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს;

 · განაცხადების მიღების დასრულებიდან (2018 წლის 28 აპრილი) 2018 წლის 18 ივნისამდე წარმდგენმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სპექტაკლის ჩვენება მინიმუმ ორჯერ, ყოველ საკონკურსო თვეში ერთხელ მაინც; ამასთან, სპექტაკლების ჩატარების განრიგი წინასწარ უნდა შეთანხმდეს კონკურსის ორგანიზატორებთან;

· თუკი წარმდგენი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს წარდგენილი სპექტაკლის ჩვენებას 2018 წლის 18 ივნისამდე, პრეტენდენტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.

წარდგენისთვის (რეგისტრაციისთვის) აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები:

· სრულად შევსებული განცხადება კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე (აღნიშნული განცხადების შევსება შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარების ადგილზე);

· წარმდგენი ორგანიზაციის რეკვიზიტები;

· დეტალური ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ პრემიერის თარიღის, ჩვენების განრიგის, ადგილისა და სპექტაკლის ხანგრძლივობის მითითებით;

· ვიზუალური მასალა: სპექტაკლის სრული ვიდეოჩანაწერი, აფიშა და ფოტომასალა (მინიმუმ 10 ფოტო ზომით 10/15 და 3 ცალი A3 ფორმატის ფოტო);

 · რეცენზიები სპექტაკლის შესახებ მასმედიის საშუალებებში;

 · პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლის რეჟისორის პროფესიული ბიოგრაფია (CV);

· პრემიაზე წარდგენილი სპექტაკლის რეჟისორის პირადობის მოწმობის ასლი;

· სპექტაკლის პროგრამა 6 ეგზემპლარად;

· პიესის ტექსტი 6 ეგზემპლარად (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპექტაკლი დადგმულია თანამედროვე ქართველი დრამატურგის პიესის მიხედვით);

· სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) ფორმით, ქართულ ენაზე;

· წარდგენილი დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

პრემიაზე წარდგენა (რეგისტრაცია) უნდა მოხდეს მისამართზე:

ქ. თბილისი, BCV, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71, 1-ლი სართული, „რედიქსი“. ტელ.: (+995 32) 2 201122; მობ.: (+995 599) 077775; E-mail: info@redix.ge; Nikoloz.skhirtladze@redix.ge

შეფასება:

· წარდგენილ სპექტაკლებს აფასებს პრემიის ჟიური 5 წევრის შემადგენლობით;

 · ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია და ცხადდება მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიაზე;

· პრეტენდენტების სრული სია გამოქვეყნდება კომპანია „რედიქსის“ სოციალური ქსელის გვერდზე www.facebook.com/redix.ge;

· პრეტენდენტები შეფასდებიან რამდენიმე ეტაპად:

· ჟიურის მიერ პრემიაზე წარდგენილი პრეტენდენტების ნამუშევრების შეფასების შედეგად შედგება ნომინანტთა „მოკლე ნუსხა“, რომელიც გამოქვეყნდება კომპანია „რედიქსის“ სოციალური ქსელის გვერდზე: www.facebook.com/redix.ge;

· ჟიურის წევრები გამარჯვებულებს „მოკლე ნუსხაში“ მოხვედრილი ნამუშევრებიდან ფარული კენჭისყრით გამოავლენენ;

· თუ ხმათა რაოდენობა თანაბრად გადანაწილდა ორ პრეტენდენტს შორის, თანაბარქულიან პრეტენდენტებს ჟიურის წევრები ხელმეორედ უყრიან კენჭს.

 · ჟიურის გადაწყვეტილება ცხადდება დაჯილდოების ცერემონიაზე.

დაჯილდოება:

ინფორმაციას დაჯილდოების ცერემონიის თარიღისა და ადგილის შესახებ გაცნობებთ პროექტის კოორდინატორი.

გისურვებთ წარმატებებს!