თვალუწვდენელი მთაგრეხილი, კრიალა ცა აქა-იქ ნისლის მიმოფანტული ნარჩენებით და გზის ბოლოს ფორთოხლისფერი მზის გულზე გაშლილი ომალო, კესელოს კოშკების გადაღმა კი მზით გამთბარი სასტუმრო „სამზეო“...
თუ ერთხელ მაინც ხარ მომსწრე მშვენების, დილის რიჟრაჟზე მთების კალთიდან ამომავალი მზის სიდიადის, შეუძლებელია იფიქრო თუშეთზე და ცხადად არ იგრძნო ყველაზე არომატული, მიმოფენილი, სხვადასხვაგვარი კენკრის გემო და „ფერგაცრეცილი ყაყაჩოსა“ და სპეტაკი გვირილის ჭრელი კალთები.
40-ნომრიანი სასტუმრო ტრადიციულ თუშურ სტილში ძველი ფიქალით აგებული შენობის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა აწყობილი და ჩუქურთმებიანი აივნები ამშვენებს. სასტუმროს ორ ბლოკს ერთმანეთთან ვიტრაჟიანი ანტრესოლი აკავშირებს, რომლის მინებიც მოზაიკასავით ირეკლავს ადგილობრივ პანორამას და მშვენიერების გაორმაგებულ ეფექტს ქმნის. ანარეკლის ცენტრში წელიწადის დროს, ამინდის და განწყობის მიხედვით ხან თოვლით დაფარული მწვერვალები, ხან კი ფერადი და ჭრელი მთებია, ხასხასა მწვანე მინდორ-ველებითა და განუყრელი ფერადსაფრიანი მინდვრის ყვავილებით.
სასტუმრო „სამზეოს“ ინტერიერი მყუდრო და ამავდროულად ენერგიულად დამუხტულია.
ინტერიერის ხასიათისა და სიღრმის შესაქმნელად გონივრულადაა შეხამებული ლითონების კომბინაცია – ლატუნი და სპილენძი სითბოსა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს, შავი ლითონები კი თითქოს აწყნარებს და ჩარჩოში სვამს მათ ენერგიას.
თანამედროვე ესთეტიკით მოწყობილი სასტუმროს დიზაინი ჰარმონიულად ითავსებს ეროვნულ მოტივებს. გემოვნებით და ფრთხილად შერჩეული ხის ელემენტები და თბილი ფაქტურის ტექსტილი მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნის.
„სამზეო“ თავისი ყველა კომპონენტით უნიკალურია ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და თუშური ავთენტური ატმოსფეროსა და შეგრძნებების გასაღვივებლად. კომფორტული ნომრები, მყუდრო ჰოლი დახვეწილი აქსესუარებით, ქართულ მოტივებზე შექმნილი ხის ავეჯის ცალკეული ნივთებით, ფარდაგებითა და ნოხებით, აივნებითა და ტერასებით. სრულყოფილებას ასრულებს სწორად შერჩეული მქრქალი და მშვიდი განათება, რომელიც აძლიერებს სასტუმროს ინტერიერით მიღებელ შთაბეჭდილებას.