თეატრალური პრემია დურუჯი

scroll arrow

თეატრალური პრემია დურუჯი

24.01.2019
Duruji theatre

 2019 წლის „დურუჯის“ საკონკურსო პერიოდის მიმდინარეობისას, ჟიურის წევრები დაესწრნენ კონკურსზე წარდგენილ დადგმებს. 

სპექტაკლების ნახვა ამა წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც გამოქვეყნდება შერჩეულ ნომინანტთა მოკლე ნუსხა. 
წელს ჟიური 7 წევრისგან შედგება და სხვადასხვა გამოცდილების მკვლევარს, კრიტიკოსსა და სტუდენტს აერთიანებს. წარმოგიდგენთ მათ ვინაობას:
▪️ ლელა ოჩიაური – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი;
ირინა ღოღობერიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ბორდის წევრი და ამავე ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი, თეატრმცოდნე;
▪️ თამარ ცაგარელი – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
▪️ გიორგი ყაჯრიშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრმცოდნე;
▪️ თათა მუქერია – თეატრმცოდნე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტორანტი;
▪️ გვანცა გულიაშვილი – თეატრმცოდნე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოქტორანტი;
▪️ ტატო ჩანგელია – თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, პოეტი.


ამასთან, გაგაცნობთ „დურუჯის“ მნიშვნელოვან სიახლეებს:
· ამიერიდან პრემია „დურუჯი“ გაიცემა როგორც „საუკეთესო სპექტაკლისთვის“, ისე „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის“. 
· საუკეთესო სპექტაკლის პრემია გადაეცემა პირს, პირებს ან ორგანიზაციას, რომელთაც ეკუთვნით საავტორო უფლება. ეს შეიძლება იყოს თეატრი, დამოუკიდებელი პროდიუსერი ან საპროდიუსერო კომპანია. შეიძლება იყოს რეჟისორი ან შემოქმედებითი გუნდი, თუ ისინი მოიაზრებიან პროექტის ავტორებად და პროდიუსერებად. პრემიის ადრესატის ვინაობა უნდა განსაზღვროს წარმდგენმა და მიუთითოს განაცხადში. პრემია გაიცემა გამარჯვებული სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფის განვითარება-წახალისების მიზნით. 
· საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის ნომინაციას შეემატა დამატებითი სახელი „ახალი ხედვა“, რაც გულისხმობს, რომ უპირატესობა მიენიჭება სარეჟისორო ხელოვნებაში სიახლის შეტანის მცდელობას, ახალი ფორმების ძიებას და პროფესიული ხედვისა და დიაპაზონის გაფართოებას. პრემიას იღებს რეჟისორი. 
· ძველ ნომინაციებს დაემატა კიდევ ერთი ახალი – „საუკეთესო მუსიკა“. საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში განიხილება სპეციალურად კონკრეტული დადგმისთვის შექმილი ორიგინალური მუსიკალური ნაწარმოები. პრემიას იღებს მუსიკალური ნაწარმოების ავტორი.
· ცვლილება შეეხო საუკეთესო პიესის ნომინაციასაც. ნომინაციას აქვს ახალი სახელი – „ახალი სიტყვა“, რაც გულისხმობს ქართულ დრამატურგიაში ახალი სტილის, ენის განვითარებას ან თემის ახლებური რაკურსით წარმოჩენის მცდელობას, მეტად მნიშვნელოვანს თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. ამას გარდა, კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის ქართული პიესები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაშია დაწერილი. პიესის წარდგენა კონკურსზე იმდენჯერ არის შესაძლებელი, რამდენჯერაც დაიდგმება ამ 5 წლის განმავლობაში. 

ამიერიდან პრემია „დურუჯის“ განრიგი თეატრალური სეზონის განრიგის ანალოგიური იქნება. თუმცა, რაკი გასულ წელს კონკურსზე განიხილებოდა ის წარმოდგენები, რომელთა პრემიერაც 2018 წლის 5 აპრილამდე შედგა, წლევანდელ კონკურსზე განიხილება ის დადგმები, რომლებიც განხორციელდა 2018 წლის 5 აპრილის შემდეგ. 
წელს პრემიის კონკურსზე იმ სპექტაკლების განაცხადიც მიიღება, რომელთა პრემიერაც ჯერ არ შემდგარა, მაგრამ შედგება 2019 წლის 30 ივნისამდე. ანუ მანამდე, სანამ საკუნკურსო ჩვენებები მიმდინარეობს. ჟიური დაესწრება პრემიერებს, მაგრამ აუცილებელია განაცხადში ზუსტად იყოს მითითებული პრემიერების თარიღები და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია. პრემიაზე სპექტაკლის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 10 მაისი, 18:00 საათი;წარმდგენმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სპექტაკლის ჩვენება მინიმუმ ორჯერ 2019 წლის 17 მაისიდან 30 ივნისამდე. ამასთან, სპექტაკლების ჩატარების განრიგი წინასწარ უნდა შეთანხმდეს კონკურსის ორგანიზატორებთან. თუ თარიღების შეთანხმების მიზნით კომუნიკაცია ვერ შედგება, განაცხადი კონკურსზე ვერ განიხილება, რადგანაც შეფასება ვიდეოჩანაწერის საფუძველზე აღარ მოხდება. 

ამიერიდან ჟიური აღარ იქნება ინკოგნიტო. ჟიურის ვინაობა გამოცხადდება 2019 წლის 10 მაისს. ჟიური შედგება ასაკობრივი, გენდერული და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნების დაცვის პრინციპით.

Other news

მეტის ნახვა

red arrow down scroll arrow

დასაწყისი